17 ივნისი, 2014
პირველადი მონაცემებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ მთელი ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის იმ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში, სადაც მეორე ტური დაინიშნა. პრაქტიკულად ყველა საკრებულოში აბსოლუტურ უმრავლესობას ჩვენი წარმომადგენლები შეადგენენ. საერთო ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასარჩევი 1049 მაჟორიტარული მანდატიდან „ქართულმა ოცნებამ“ 811 დეპუტატი გაიყვანა, რაც საერთო რაოდენობის 77,31%-ს შეადგენს. არჩეული მაჟორიტარებიდან მეორე ადგილზე გავიდნენ საინიციატივო ჯგუფების მიერ წარმოდგენილი კანდიდატები, რომელთა მთლიანი რაოდენობა 128 ადამიანია. ჯამში, ოპოზიციური პარტიების არჩეული მაჟორიტარების რაოდენობა შეადგენს 238-ს, საიდანაც მხოლოდ 64-ია მთავარ ოპოზიციურ ძალაზე პრეტენზიის მქონე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი. მაჟორიტარული და სიითი შემადგენლობის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ 1400-მდე მანდატი მოიპოვა, რაც რამდენჯერმე აღემატება სხვა პოლიტიკური ძალების წარმომადგენელთა მანდატების ჯამურ რაოდენობას. დემოკრატიულობის მაღალი ხარისხის მაჩვენებლია ის ფაქტი, რომ არჩევნების მეორე ტურში ლიდერ პოლიტიკურ ძალას 6 ოპოზიციური პარტია დაუპირისპირდება. 15 ივნისის არჩევნები არის რეალური თვითმმართველობისა და ძალაუფლების ხალხისთვის გადაცემის დასაწყისი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის მაღალი შეფასება, რაც ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოში აკრედიტებულმა დიპლომატიურმა კორპუსმა დააფიქსირა. არჩევნები დადებითად შეფასდა საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორი ქვეყნების დიპლომატიური მისიების მიერ. ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ნიდერლანდების საელჩოების მიერ გავრცელებული საერთო განცხადების თანახმად, 15 ივნისის არჩევნები ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ თვითმმართველობების გაძლიერებისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია. ამ შეფასებას საქართველოსთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენი პოლიტიკური გუნდი უზრუნველყოფს მეორე ტურის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარებას და საერთაშორისო საზოგადოების ისეთივე მაღალ შეფასებას დაიმსახურებს. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდით ყველა ამორჩეველს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და დააფიქსირა თავისი არჩევანი. აქვე მოვუწოდებთ საზოგადოებას, გავაქტიურდეთ მეორე ტურისთვის და არ დავუშვათ, რომ ჩვენი პასიურობით ჩრდილი მიადგეს ჩვენს საერთო გამარჯვებას. მოგიწოდებთ, ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქვეყანაზე და აქტიურად ჩავერთოთ მის მართვაში.
|